ციფრული მარკეტინგი
რა არის GEO ოპტიმიზაცია
GEO ოპტიმიზაცია (generative engine optimization, გენერაციული ძრავებისთვის ოპტიმიზაცია) იმაზე მუშაობაა, რომ AI-ზე დაფუძნებულმა საძიებო სისტემებმა შენი ბიზნესი იოლად იპოვონ, სწორად გაიგონ და წყაროდ დაასახელონ. ასეთი სისტემებია Google-ის AI Overviews და AI Mode, ChatGPT-ის ძიება, Perplexity და Microsoft Copilot. საფუძველი SEO-სთან საერთო აქვს: გვერდები, რომლებზეც ბოტს წვდომა აქვს, და კონტენტი, რომელიც რეალურ კითხვას პასუხობს. ამას GEO რამდენიმე საკუთარ პრაქტიკას ამატებს: საჭირო ბოტებს საიტზე უშვებ, ფაქტებს ყველგან ერთნაირად წერ და შედეგს პოზიციით კი არა, განმეორებითი კითხვებით ზომავ.
კვლევაზე და იმაზე, რას გაძლევს ციტირება AI-ს პასუხში, დაწვრილებით ვწერთ სტატიაში „SEO და GEO: ხილვადობა ძიებასა და AI პასუხებში“.
საიდან მოდის ტერმინი
სახელწოდება კვლევით ნაშრომს უკავშირდება. 2023 წლის ნოემბერში პრანჯალ აგარვალმა და მისმა კოლეგებმა გამოაქვეყნეს ნაშრომი GEO: Generative Engine Optimization, რომელიც შემდეგ მონაცემთა ანალიზის სამეცნიერო კონფერენციის, ACM KDD 2024-ის, პროგრამაში შევიდა. ავტორებმა „გენერაციული ძრავები“ უწოდეს სისტემებს, რომლებიც ეძებენ, წყაროებს აგროვებენ და პასუხს თავად წერენ. GEO კი მიდგომად შემოიტანეს, რომლითაც კონტენტის ავტორებს ამ პასუხებში თავიანთი ხილვადობის გაზრდა შეუძლიათ.
Google თავის გზამკვლევში გენერაციული AI ფუნქციებისთვის ოპტიმიზაციაზე GEO-სა და AEO-ს (answer engine optimization) იმ სამუშაოს აღსანიშნავ ტერმინებად ასახელებს, რომელიც AI ძიებაში ხილვადობას ემსახურება, და იქვე წერს, რომ Google-ის მხრიდან ეს მაინც SEO-ა. ორივე შეხედულება მართალია: საფუძველი საერთოა, ახალი მხოლოდ რამდენიმე დეტალია.
როგორ ირჩევენ AI სისტემები წყაროებს
წყაროების შერჩევის სრულ ლოგიკას არც ერთი მათგანი არ აქვეყნებს. მათი დოკუმენტაცია მაინც ერთსა და იმავე ზოგად სქემას აღწერს: სისტემა ინდექსში ეძებს, შესაბამის გვერდებს არჩევს, პასუხს წერს და გამოყენებული გვერდებიდან ზოგიერთს ბმულით ასახელებს.
- Google AI Overviews და AI Mode. ორივეს შეუძლია ქვეთემებზე რამდენიმე დაკავშირებული ძიება გაუშვას (ამ ხერხს Google query fan-out-ს უწოდებს) და კლასიკურ ძიებაზე მეტი ბმული აჩვენოს. ამ ბმულებს შორის რომ მოხვდეს, გვერდი ინდექსში უნდა იყოს და ძიებაში მოკლე ამონარიდით (snippet) გამოჩენა შეეძლოს. Google-ის თქმით, სხვა ტექნიკური მოთხოვნა არ არსებობს. AI Overviews მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა Google ჩათვლის, რომ ჩვეულებრივ შედეგებს რამეს მატებს.
- ChatGPT-ის ძიება. OpenAI სხვადასხვა ამოცანისთვის სხვადასხვა ბოტს იყენებს. OAI-SearchBot ChatGPT-ის საძიებო ფუნქციებისთვის გვერდებს პოულობს. საიტი, რომელიც ამ ბოტს ბლოკავს, ChatGPT-ის საძიებო პასუხებში არ ჩანს, თუმცა ნავიგაციურ ბმულად შეიძლება მაინც გამოჩნდეს. GPTBot კი მოდელების გასაწვრთნელად აგროვებს კონტენტს. ამ ორი ბოტის წესები ერთმანეთზე დამოკიდებული არ არის.
- Perplexity. PerplexityBot საიტებს Perplexity-ს საძიებო შედეგებში აჩენს და მათ ბმულით ასახელებს. Perplexity-ს თქმით, ეს ბოტი საბაზისო მოდელების გასაწვრთნელად კონტენტს არ აგროვებს. მეორე აგენტი, Perplexity-User, გვერდს მაშინ ხსნის, როცა ამას ადამიანი ითხოვს, და robots.txt-ის წესებს ძირითადად არ ითვალისწინებს.
- Microsoft Copilot. Bing-ის AI Performance რეპორტი ითვლის, რამდენჯერ დასახელდა საიტი წყაროდ Copilot-ში, Bing-ის AI შეჯამებებსა და ზოგიერთ პარტნიორ სერვისში. Microsoft არ ხსნის, როგორ ირჩევს წყაროს, თუმცა წერს, რომ ზუსტ და განახლებულ კონტენტს მნიშვნელობა აქვს და რომ Bing robots.txt-ის წესებს იცავს.
საერთო წესი მარტივია. სისტემა მხოლოდ იმ გვერდს დაასახელებს, რომლის წაკითხვის უფლებაც მის ბოტს აქვს და რომელიც მის ინდექსში დარჩა. ასეთ გვერდებს შორისაც კი მხოლოდ ის ნაწილი მოხვდება პასუხში, რომელიც კითხვას ციტირებისთვის საკმარისად კარგად პასუხობს.
GEO და SEO: რა აქვთ საერთო და რით განსხვავდებიან
სამუშაოს უმეტესი ნაწილი ემთხვევა. გვერდები, რომლებსაც ბოტი კითხულობს, ტექნიკურად გამართული საიტი, გასაგები სათაურები, შიდა ბმულები და კონტენტი, რომელიც რეალურ კითხვას პასუხობს, ორივეს სჭირდება. Google თავის AI ფუნქციებს იმავე რანჟირებისა და ხარისხის სისტემებს უკავშირებს, რომლებზეც მთელი ძიება დგას. ამიტომ Google-ში სუსტი SEO სუსტ GEO-საც ნიშნავს.
განსხვავებებიც რეალურია:
- რას აბრუნებს სისტემა. საძიებო სისტემა გვერდების სიას აბრუნებს და მკითხველი თავად ირჩევს. AI სისტემა დაწერილ პასუხს აბრუნებს, შენი ბიზნესი კი შეიძლება მასში ციტირებულ ბმულად გამოჩნდეს, წინადადებაში სახელით მოხვდეს ან საერთოდ არ გამოჩნდეს.
- ვინ კითხულობს საიტს. SEO ძირითადად Googlebot-სა და Bingbot-ს ეხება. GEO ამას OAI-SearchBot-ს, PerplexityBot-სა და სხვებს უმატებს. თითოეულს robots.txt-ში საკუთარი წესები აქვს და ზოგჯერ მას ფაირვოლის ისეთი პარამეტრი ბლოკავს, რომლის დამატებაც აღარავის ახსოვს.
- რას ამბობენ შენზე სხვები. პასუხმა შეიძლება შენი ბიზნესი კატალოგის, შეფასების ან სტატიის სიტყვებით აღწეროს. ამიტომ შენი გვერდების გარდა სხვა საიტებზე განთავსებულ ფაქტებსაც აქვს მნიშვნელობა.
- როგორ ზომავ. სტაბილური პოზიცია, რომელსაც თვალს ადევნებ, აქ არ არსებობს. პასუხი იცვლება ერთი გაშვებიდან მეორემდე, ერთი ადამიანიდან მეორემდე და თვიდან თვემდე.
თუ საიტი ქართულ ენაზეა, ენა საკუთარ საკითხებსაც ამატებს: სიტყვის ფორმებს, ქართული თუ ლათინური ასოებით აკრეფილ მოთხოვნებს და თარგმნილ გვერდებს. ამაზე ვწერთ სტატიაში „SEO ქართულ ენაზე“.
რა შეუძლია ბიზნესს პრაქტიკაში
ციტირების გარანტიას ვერც ერთი ნაბიჯი მოგცემს. სამაგიეროდ, ერთად ეს ნაბიჯები გამორიცხავს ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს, რომელთა გამოც სისტემა შენს გვერდებს ვერ პოულობს, ვერ კითხულობს ან მათ არ ენდობა.
- საჭირო ბოტები საიტზე შემოუშვი. შეამოწმე robots.txt და ფაირვოლის ან CDN-ის წესები Googlebot-ის, Bingbot-ის, OAI-SearchBot-ისა და PerplexityBot-ისთვის. ცალკე გადაწყვიტე, გამოიყენონ თუ არა შენი კონტენტი მოდელების გასაწვრთნელად: ამას, მაგალითად, GPTBot-ისა და Google-Extended-ის წესებით აკონტროლებ. Google-Extended განსაზღვრავს, შეუძლია თუ არა Google-ს შენი კონტენტი Gemini-ს მოდელების გასაწვრთნელად და ზოგიერთი სხვა AI პროდუქტის პასუხების დასაფუძნებლად გამოიყენოს. Google-ის თქმით, ის Google-ის ძიებაში მოხვედრაზე და რანჟირებაზე არ მოქმედებს. Search Console-ში ასევე არის პარამეტრი ძიების გენერაციული AI ფუნქციებისთვის და ნაგულისხმევად ყველა საიტი ჩართულია.
- ფაქტები ერთხელ ჩამოაყალიბე და ზუსტად გაიმეორე. რა გქვია, რას აკეთებ, ვისთვის და როგორ დაგიკავშირდნენ. საიტზე, სოციალურ ქსელებსა და კატალოგებში ერთი და იგივე ფორმულირება გამოიყენე, რომ სისტემამ სამი განსხვავებული აღწერის ნაცვლად ერთი იპოვოს.
- დაამატე სტრუქტურირებული მონაცემები, რომლებიც გვერდს შეესაბამება. Organization მონიშვნა (სახელი, მისამართი, ლოგო, პროფილები, ტელეფონი) Google-ს ეხმარება გაიგოს, ვინ ხარ. Google პირდაპირ წერს, რომ მის AI ფუნქციებს სპეციალური schema.org მონიშვნა არ სჭირდება. ამიტომ სტრუქტურირებული მონაცემები SEO-ს ჩვეულებრივ ჰიგიენად მიიჩნიე, რომელიც გვერდზე ხილულ ტექსტს უნდა ემთხვეოდეს, და არა GEO-ს ხრიკად.
- დაწერე ტექსტი, რომელიც პასუხობს. ხშირი კითხვა სათაურში გაიტანე, პირველ ერთ-ორ წინადადებაში უპასუხე, დეტალები კი მერე მოიყვანე. Bing გასაგებ სათაურებს, ცხრილებსა და ხშირი კითხვების ბლოკებს გირჩევს, Google კი დასძენს, რომ AI-სთვის გვერდის პატარა ნაწილებად დაჭრა საჭირო არ არის.
- გამოაქვეყნე ის, რაც მხოლოდ შენ გაქვს. საკუთარი მონაცემები, ფასები, მოსაზრებები და ის, თუ როგორ მუშაობ, სისტემას მიზეზს აძლევს, დაასახელოს შენ და არა მეათე გვერდი, რომელიც იგივეს იმეორებს. GEO-ს კვლევაში ხილვადობა ყველაზე მეტად წყაროების მითითებამ, ციტატებმა და სტატისტიკამ გაზარდა. საკვანძო სიტყვებით გაჯერებამ მცირე შედეგი მისცა, ზოგ ტესტში კი ხილვადობაც შეამცირა.
- კატალოგები და შეფასებები განახლებული და ნამდვილი იყოს. Google თავის AI ფუნქციების გზამკვლევში გთხოვს, Business Profile-სა და Merchant Center-ში ინფორმაცია განახლებული გქონდეს. იგივე წესი ყველა კატალოგს მიუყენე. შეფასებები არასდროს იყიდო.
- llms.txt რეალისტურად შეაფასე. llms.txt 2024 წლის შემოთავაზებაა: Markdown ფაილი, ჩვეულებრივ საიტის ძირში, რომელიც ენობრივი მოდელებისთვის საიტს მოკლედ აღწერს და მთავარ გვერდებზე ბმულებს აწვდის. Google-ის თქმით, მისი ძიება ამ ფაილს უგულებელყოფს, ამიტომ იქ ის არც გეხმარება და არც გაზიანებს. ჩვენს საიტზე ის იმიტომ გვაქვს, რომ მისი დაწერა ამოწმებს, რამდენად მკაფიოა ჩვენი ფაქტები, და არა რანჟირებისთვის.
როგორ გაზომო GEO
გაზომე ის, რასაც რეალურად ხედავ, და თითოეული მაჩვენებელი ცალკე შეაფასე: ხილვადობა, ვიზიტები და მომართვები სხვადასხვა კითხვას პასუხობს.
- განმეორებითი კითხვები. ჩამოწერე ათიდან ოცამდე კითხვა, რომელსაც შენი მომხმარებლები ნამდვილად სვამენ, და ეს სია ყოველთვე გაუშვი Google AI Mode-ში, ChatGPT-ში, Perplexity-სა და Copilot-ში. ჩაიწერე თარიღი, სისტემა, ჩანხარ თუ არა პასუხში, მოგიხსენიეს თუ არა ბმულით და სწორად აღგწერეს თუ არა. ერთი პასუხი ცოტას ამტკიცებს, რამდენიმე თვის ტენდენცია კი გაცილებით მეტს ამბობს.
- Search Console. Google-ის Generative AI performance რეპორტი აჩვენებს, რამდენჯერ გამოჩნდა შენი საიტის ბმულები AI Overviews-სა და AI Mode-ში. ის მხოლოდ ჩვენებებს ითვლის და Google-ის თქმით, 2026 წლის 31 აგვისტოსთვის ყველა საიტისთვის გახდა ხელმისაწვდომი. თუ ასეთი ჩვენება ცოტაა, რეპორტი შეიძლება ჯერ არ გამოჩნდეს. ამ ფუნქციებიდან მოსული კლიკები კი ძირითად Performance რეპორტში ჩანს, Web ძიების ნაწილში.
- Bing Webmaster Tools. AI Performance რეპორტი, რომელიც 2026 წლის თებერვალში საჯარო საცდელ რეჟიმში გამოვიდა, აჩვენებს ციტირებებს და იმ საძიებო ფრაზებს (grounding queries), რომლებითაც სისტემამ შენი კონტენტი იპოვა. Microsoft აღნიშნავს, რომ მონაცემები შერჩევითია და არა სრული.
- შენი ანალიტიკა. ვიზიტები chatgpt.com-იდან, perplexity.ai-დან და მსგავსი წყაროებიდან, სადაც მათი ამოცნობა შესაძლებელია, და მომართვები, რომლებიც ამ ვიზიტებს მოჰყვა. ახალ მომხმარებლებს ჰკითხე, საიდან გაიგეს შენზე.
გავრცელებული მითები
- GEO SEO-ს ცვლის. არა. Google-ის AI ფუნქციები მისი ძიების სისტემებზე მუშაობს და გვერდი, რომელიც ინდექსში არ არის, ბმულად ვერ გამოჩნდება.
- კვლევამ დაამტკიცა, რომ ტრაფიკი 40%-ით იზრდება. ნაშრომში საუბარია ხილვადობის 40%-მდე ზრდაზე საკუთარი მაჩვენებლით, რომელიც დაახლოებით ზომავს, გენერირებული პასუხის რა ნაწილი ეყრდნობა წყაროს და პასუხის რა ადგილას ჩანს ის. გაზომვა ჩატარდა ექსპერიმენტულ გარემოში, სადაც მოდელი თითოეულ პასუხს საძიებო სისტემის პირველი ხუთი შედეგიდან წერდა. ტრაფიკზე, რანჟირებასა და გაყიდვებზე ეს შედეგი არაფერს ამბობს, ეფექტი კი თემების მიხედვით განსხვავდებოდა.
- llms.txt ფაილი AI პასუხებში მოგახვედრებს. Google-ის თქმით, მისი ძიება ამ ფაილს უგულებელყოფს. ეჭვით შეხედე ნებისმიერ დაპირებას, რომ ეს ფაილი ციტირებას ან რანჟირებას გააუმჯობესებს.
- AI ბოტების დაბლოკვა მხოლოდ წვრთნას აჩერებს. ეს ბოტზეა დამოკიდებული. GPTBot-ის დაბლოკვა წვრთნას ეხება, OAI-SearchBot-ის დაბლოკვა კი ChatGPT-ის საძიებო პასუხებიდან გაგაქრობს. სხვისი robots.txt-ის გადმოწერამდე თითოეული ბოტის სახელი გადაამოწმე.
- AI-ში ციტირების გარანტიას ვიღაც მოგცემს. პლატფორმების გარეთ ამას ვერავინ აკონტროლებს. Google გირჩევს, ფრთხილად იყო ხელსაწყოებთან, რომლებიც რანჟირებაში წარმატებას გპირდებიან ან ამბობენ, რომ Google-ის შიდა მეტრიკებს იყენებენ. მისივე თქმით, მის რანჟირებასა და AI სისტემებზე წვდომა არც ერთ გარე ხელსაწყოს არ აქვს.
პირველი ნაბიჯები
დაიწყე სამი ნაბიჯით. შეამოწმე robots.txt და ფაირვოლი ზემოთ ჩამოთვლილი ბოტებისთვის. დაწერე ერთაბზაციანი აღწერა შენს ბიზნესზე და ყველა პროფილი მას შეუსაბამე. აირჩიე კითხვები, რომლებსაც ყოველთვე გაუშვებ, და პირველად დღესვე გაუშვი, რომ საწყისი წერტილი გქონდეს. გარე შეფასებისთვის მოითხოვე უფასო აუდიტი. როგორ ვმუშაობთ ბოტების წვდომაზე, სტრუქტურირებულ მონაცემებზე, კონტენტსა და AI-ში ხილვადობის შემოწმებაზე, აღწერილია SEO ოპტიმიზაციისა და GEO-ს სერვისის გვერდზე.
წყაროები
რას ეყრდნობა ეს ტექსტი
- GEO: Generative Engine Optimization
- AI features and your website
- Optimizing your website for generative AI features on Google Search
- Generative AI performance report (Search)
- Search generative AI control
- List of Google's common crawlers
- Organization (Organization) structured data
- Overview of OpenAI Crawlers
- Perplexity Crawlers
- Introducing AI Performance in Bing Webmaster Tools Public Preview
- The /llms.txt file, v2
კითხვები
ხშირი კითხვები
რა არის GEO ოპტიმიზაცია მარტივად?
GEO ოპტიმიზაცია (generative engine optimization) იმაზე მუშაობაა, რომ AI სისტემებმა, მაგალითად Google AI Overviews-მა, ChatGPT-ის ძიებამ, Perplexity-მ და Copilot-მა, შენი ბიზნესი იპოვონ, სწორად გაიგონ და წყაროდ დაასახელონ. ის SEO-ს ეყრდნობა და ამატებს AI ძიების ბოტების წვდომას, ყველგან ერთნაირ ფაქტებს და განმეორებით კითხვებზე დაფუძნებულ გაზომვას.
რით განსხვავდება GEO SEO-სგან?
ძირითადად SEO-ს ეყრდნობა. Google-ის თქმით, მისი AI ფუნქციები ძიების იმავე სისტემებს იყენებს და სპეციალური ფაილები ან მონიშვნა არ სჭირდება. განსხვავება იმაშია, რას აბრუნებს სისტემა (სიის ნაცვლად დაწერილ პასუხს), რომელ ბოტებს სჭირდება წვდომა და როგორ იზომება შედეგი.
გეხმარება თუ არა llms.txt GEO-ში?
Google-ში არა: Google-ის თქმით, მისი ძიება llms.txt-ს უგულებელყოფს, ამიტომ იქ ის არც გეხმარება და არც გაზიანებს. ფაილი შემოთავაზებაა და არა სტანდარტი: მისი წაკითხვა არც ერთ სისტემას არ ევალება. მისი დაწერა მაინც კარგი შემოწმებაა, რამდენად მკაფიოა შენი მთავარი ფაქტები.
როგორ გავიგო, ჩანს თუ არა ჩემი ბიზნესი AI პასუხებში?
მომხმარებლების კითხვების ფიქსირებული სია ყოველთვე გაუშვი თითოეულ სისტემაში და ჩაიწერე, ჩანხარ თუ არა, გასახელებენ თუ არა ბმულით და სწორად აღგწერენ თუ არა. ამას დაამატე Search Console-ის Generative AI performance რეპორტი Google-ისთვის, Bing Webmaster Tools-ის AI Performance რეპორტი Copilot-ისთვის და შენს ანალიტიკაში ამ სისტემებიდან მოსული ვიზიტები.
უფასო აუდიტი
ახლა შენს მარკეტინგს გადავხედოთ.
გამოგვიგზავნე ვებგვერდის ან მთავარი სოციალური პროფილის ბმული. საჯაროდ ხელმისაწვდომ მასალებს შევაფასებთ და წერილობით გამოგიგზავნით ძლიერ მხარეებს, პრობლემებსა და გაუმჯობესების პრიორიტეტებს.
მოითხოვე უფასო აუდიტიასევე წაიკითხე
სერვისთან დაკავშირებული ტერმინები: GEO (გენერაციული ძრავებისთვის ოპტიმიზაცია) სტრუქტურირებული მონაცემები მარკეტინგული აუდიტი SEO ოპტიმიზაცია საკვანძო სიტყვა llms.txt